English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ტურიზმის ეკოლოგიზაციის თანამედროვე ასპექტები "მწვანე ეკონომიკის" პირობებში

 ანოტაცია. მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზაზე გადასვლის პროცესში მწვანე ეკონომიკის სექტორების და კერძოდ, ტურიზმის ეკოლოგიზაცია უზრუნველყოფს მდგრადი ინფრასტრუქტურის, სამუშაო ადგილების შექმნის, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების და შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს. სტატიაში განხილულია ტურიზმის ეკოლოგიური _ მწვანე განვითარების ის თანამედროვე ასპექტები, რომელიც სრულად ითვალისწინებს როგორც მიმდინარე და მომავალ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ზეგავლენას, ასევე გლობალურ და ეროვნულ დონეზე მწვანე ტურიზმის განვითარების ფაქტორების ანალიზს, რომელიც განაპირობებს მწვანე ტურიზმის მაღალი სტანდარტების მიღწევას; აგრეთვე განხილულია ტურიზმის ეკოპრობლემების სისტემები და სტრუქტურები, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემი საქტუალობის, ეკოლოგიზაციის საერთაშორისო პროგრამების და სერტიფიცირების სისტემების, რესურსდამზოგავი ინოვაციური ტექნოლოგიები სგამოყენების ზოგადი ასპექტები.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ტურიზმი, ეკოლოგიზაცია, UNWTO, ტურისტული უსაფრთხოება, რესურს დამზოგავი ტურიზმი.

* * *

დღეისათვის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მსოფლიოს მდგრადი განვითარების გზაზე. "მწვანე ეკონომიკა" - ეს არის ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სახეობათა სისტემა, რომლებიც დაკავშირებულია იმ საქონლისა და მომსახურებათა, წარმოებას, განაწილებასა და მოხმარებასთან, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობის ზრდას ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამასთან არ ქმნის ეკოლოგიურ რისკებს და ეკოლოგიურ დეფიციტს მომდევნო თაობების მომავლისათვის. მწვანე ეკონომიკას შეუძლია ხალხის კეთილდღეობის ზრდა სოციალური თანასწორობის და გარემოს გაღარიბების და სხვა ეკოლოგიური რისკების მნიშვნელოვან შემცირებასთან პარალელურად. მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი განსაზღვრავს ეკონომიკის ისეთი წამყვანი სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციას, როგორიცაა ტურიზმი _ მსოფლიო მრეწველობის ერთ-ერთი დიდი სექტორი. 2017 წლისათვის მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტულმა ჩამოსვლებმა 1.3 მლრდ-ს გადააჭარბა და წინა წლებთან შედარებით 6,8%-ით, ხოლო შემოსავლები 4,9%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლები რეგიონების მიხედვით

 

საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლები(მლნ)

საბაზრო

 წილი

    (%)

ცვლილება                     

       (%)

საშუალო წლიური ზრდა(%)

 

1995    

2000

2005

2010

2015

2016

2017*

   2017*

16/15

17*/16

2005-’17*

მსოფლიო

531

680

809

952

1,195

1,239

1,323

     100

 3.8

 6.8

 4.2

მოწინავე

ეკონომიკები

342

430

469

515

655

686

726

     55

 4.8

 5.9

 3.7

განვითარებადიეკონომიკები

189

250

339

437

540

554

597

      45

 2.5

 7.8

 4.8

მსოფლიოსტურისტულიორგანიზაციის(UNWTO) რეგიონებისმიხედვით

ევროპა

308.5

392.9

452.7

487.7

605.1

619.5

670.6

    51

 2.4

 8.3

 3.3

აზიადაწყნარიოკეანისქვეყნები

82.0

110.4

154.1

208.2

284.1

306.0

323.1

    24

 7.7

 5.6

 6.4

 

ამერიკა

108.9

128.2

33.3

150.4

193.8

200.7

208.7

    16

 3.6

 4.0

 3.8

აფრიკა

18.7

26.2

34.8

50.4

53.6

57.7

62.7

     5

 7.8

 8.6

 5.0

შუააღმოსავლეთი

12.7

22.4

33.7

55.4

58.1

55.6

58.1

     4

-4.4

 4.6

 4.7

წყარო: UNWTO Tourism Highlights: 2018 Edition

ტურიზმის შემდგომი განვითარების პროცესში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეკოლოგიური მდგრადობა. ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ტურიზმი _ მწვანე ეკონომიკის სექტორთა შორის ერთ-ერთი ახალია, რომელიც უზრუნველყოფს მდგრადი ინფრასტრუქტურის, საქმიანი ურთიერთობების, სამუშაო ადგილების, შემოსავლების მიღების შესაძლებლობას. გაეროს (UN) პროგრამა გარემოს შესახებ (UNEP) და მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაცია (UNWTO) თვლიან, რომ ტურიზმი მწვანე ეკონომიკის კონტექსტში ნიშნავს ტურისტულ საქმიანობას, რომელიც სრულად ითვალისწინებს მიმდინარე და მომავალ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ზეგავლენას და ასევე ტურისტების, ინდუსტრიის და ადგილობრივი თემების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. ტურიზმის ყველა სახეობა უნდა გახდეს "მწვანე", კერძოდ:

  1. ოპტიმალურად გამოიყენებოდეს გარემო რესურსები, რომლებიც წამყვანია ტურიზმის განვითარებისათვის, ხელი შეუწყოს წამყვანი ეკოლოგიური პროცესების, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას;
  2. პატივი სცეს ადგილობრივ სოციალურ-კულტურულ იდენტიფიკაციას, დაეხმაროს მათ მიერ კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას;
  3. უზრუნველყოს ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის გადანაწილებას ყველა ჩართულ მხარეს შორის, სტაბილურ დასაქმებას და შემოსავლების მიღებას.

ტურიზმის თვისება _ შექმნას სამუშაო ადგილები, ასტიმულიროს ეკონომიკური ზრდა, დააგროვოს უცხოური ვალუტა, სრულყოს ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას _ ამ დარგს გადააქცევს მომგებიან საშუალებად სიღარიბესთან ბრძოლისა და ადგილობრივი რეგიონების განვითარებისათვის.

სათანადო მართვის პირობებში ტურიზმის ეკოლოგიური განვითარება მოგებას მოუტანს არა მარტო მთლიანად ქვეყანის, არამედ მისი ცალკეული რეგიონის და ადგილობრივ ეკონომიკას. ჩატარებული კვლევების მიხედვით "მწვანე" ტურიზმმა შეიძლება ადგილობრივ ეკონომიკას მოუტანოს მოგების 95%, ჩვეულებრივი კომპლექსური ტურებისაგან მიღებული 20%-იანი მოგებისაგან განსხვავებით.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა: გაერო (UN), მსოფლიო ბანკი(The World Bank), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), გაეროს პროგრამა გარემოს დარგში (UNEP), მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაცია (UNWTO), ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად არის მიჩნეული გლობალური ეკონომიკის იმ წამყვან 10 სექტორს შორის, რომლის მწვანე მოდერნიზაციას შეუძლია უზრუნველყოს გადასვლა ახალ ეკონომიკურ მოდელსა და მწვანე ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც ნიშნავს სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობას ტურისტული პროდუქტის წარმოების მიზნით;  ის ეყრდნობა: სუფთა პროდუქტების შეგნებულ, რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს გარემო ბუნებაში ნარჩენების შეტანა და ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაციის რისკები; უზრუნველყოფს ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დასაქმებას და მოსახლეობის სტაბილურ შემოსავლებს როგორც სადღეისოდ, ასევე მომავალში.

ტურიზმის ეკოლოგიურად უსაფრთხო მოდელზე გადასვლა არ ხდება ავტომატურად. იგი სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის როგორც საერთოს ეკონომიკის ყველა დარგისთვის, ასევე სპეციფიკურს. მაგ., ტურისტული მოთხოვნა-მიწოდების ეკოლოგიზაციის საერთო ფაქტორებია: ეკოლოგიური უსაფრთხოების შემცირება, ეკოლოგიური კატასტროფის რისკების ზრდა, მოსახლეობის ეკოლოგიური კულტურის ზრდა და სხვ. სპეციფიკურია _ რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ორმაგი მოგების მიღების და დანახარჯების შემცირების შესაძლებლობა.

გლობალურ და ეროვნულ დონეზე მწვანე ეკონომიკის განვითარების ფაქტორების ანალიზისას, რომლებიც განაპირობებს მწვანე ტურიზმის მაღალი სტანდარტების მიღწევას, და გარანტიას იძლევა მისი მდგრადობისათვის, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემის აქტუალობის ზრდა მოსახლეობისათვის და სახელმწიფოს მისწრაფება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის ენერგეტიკული, ეკოლოგიური, პროდუქტების უსაფრთხოება და კლიმატური ცვლილებების რისკების შემცირება, სასათბურე გაზების (პირველ რიგში ნახშირორჟანგის) ატმოსფეროში გამოყოფა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სწორი პოლიტიკა, წყლის ხარისხის დაცვა და შენარჩუნება, წყალმომარაგების სრულყოფა.

მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატური ცვლილებები, რაც იწვევს საშიშ ბუნებრივ მოვლენებს და პროცესებს, ბუნებრივ კატასტროფებს. ტურიზმში კლიმატური ცვლილებები არა მარტო ზრდის ტურისტების უსაფრთხოების დანახარჯებს, არამედ შეაქვს მნიშვნელოვანი კორექტივები თვით ბიზნესის ფუნქციონირების პროცესში, მაგ., სეზონურობის დაცვა, უთოვლობა მთიან კურორტებზე და სხვ.

ტურიზმის ინდუსტრიას, უზრუნველყოფს რა მსოფლიო მშპ-ის თითქმის 10%-ს და სტაბილურად მოიხმარს ენერგიას "ყავისფერი" ეკონომიკის ფარგლებში, "გამწვანების" შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვანი წილი იქონიოს არსებული მიზნების მიღწევაში. ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ენერგიისმოხმარების ზრდასთან, მსოფლიოში კი არსებობს ენერგიის ალტერნატიული წყაროების ფართოდ გამოყენების დადებითი გამოცდილება. გასაგებია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს განსხვავებული მიდგომა არაეკონომიური ენერგომოხმარების შემცირების მხრივ. თუმცა საერთო ის არის, რომ მთელი რიგი განვითარებადი ეკონომიკებისათვის ეს პრობლემა მეტად აქტუალურია.

ტურისტული ინდუსტრია პასუხისმგებელია გარემოში სასათბ ურეგაზების, პირველ რიგში ნახშირორჟანგის გლობალური გამოყოფის დაახლოებით 5%-ზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული გლობალური კვლევების თანახმად, ეს მაჩვენებელი 2035 წლისათვის შეიძლება გაორმაგდეს. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ენერგიის შენარჩუნების მიზნით. იყენებენ რა მწვანე ტექნოლოგიებს, ადგილობრივი ადმინისტრაციები იღებენ ორმაგ მოგებას: ეკოლოგიური მდგრადობა და სტაბილური შემოსავლები. მაგ., სლოვაკეთის პოპულარულ კურორტს – AquaCity resort, საერთაშორისო ორგანიზაცია World Travels Awards-ისაგან მიენიჭა წამყვანი მსოფლიო "მწვანე კურორტის" წოდება, რადგანაც იყენებენ საშუალებებს, რომლებიც ხელს უშლის ყოველდღიურად დაახლოებით 27 ტ CO2-ის გამოყოფას ატმოსფეროში, იყენებენ რა წყლის გეოთერმულ და მზის ენერგიას, რაც საშუალებას აძლევს კურორტს, ყოველწლიურად მილიონობით ევრო დაზოგოს[1]. კანადაში, ქ. ვანკუვერში ოტელი Fairmont Waterfront იყენებს სითბოს მეორადი გამოყენების სპეციალურ სისტემას. ეს ტექნოლოგია წელიწადში 305 ათ. კვტ/სთ ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა.

სულ პატარა ცვლილებებსაც კი შეუძლია შესამჩნევი შედეგი გამოიღოს. მაგ., ტასმანიაში (ავსტრალია) ოტელებმა საბიუჯეტო სუბსიდიების დახმარებით შეამცირეს ენერგიის მოხმარება 1/3-ით უფრო სრულყოფილი იზოლაციის გამოყენების გამო. შედეგად, CO2-ის გამოყოფა 104 ტ-ით შემცირდა წელიწადში.

ზოგიერთი ტურისტული ადმინისტრაცია გადავიდა დესტინაციებზე მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების, ასევე ველოსიპედების გამოყენებაზე, ხოლო ელექტრომატარებლებისა და ჰიბრიდული ავტობუსების ექსპლუატაციაზე შედარებით შორეული მგზავრობისას. მაგ., პარიზის ადმინისტრაციამ რეალიზება გაუკეთა საველოსიპედო პროგრამას Vélib-2007, რომლის მიხედვითაც მსურველებს შეუძლიათ გაიყვანონ, უკან დააბრუნონ ან წინასწარ შეუკვეთონ ველოსიპედები ქალაქის 750 წერტილში. ქალაქში გაყვანილია 400 კმ-ზე მეტი საველოსიპედე ბილიკი. ისრაელში, ქრისტიანი მომლოცველებისათვის ნაზარეთიდან გალილეის ზღვამდე შექმნილია საველოსიპედე და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. შვეიცარიაში განხორციელდა ახალი თაობის ველოსიპედების გაქირავებისა და გაყიდვების პროექტი, რომლებიც მოძრაობენ იონური აკუმულატორებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, რასაც დიდ საფრთხეს უქმნიან ტურისტები, მაგ., ბოლო ათწლეულების განმავლობაში უკვალოდ გაქრა 35 მლნ კორალის რიფი (იაპონიის ღრმა წყლები). ამ მიზნით იუნესკომ მთელ მსოფლიოში თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა ზოგიერთი ტურისტული ობიექტი.

ტურისტული საქმიანობა არის ბუნების დამანაგვიანებელი ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ ბოლო წლებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ტურისტული ნარჩენების გადამუშავებას. მაგ., 90-იან წლებში კრუიზის გემები კარიბის ზღვის სანაპირო წყლებს ანაგვიანებდნენ 70 ათ. ტ ნარჩენით, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია ვენეცია. ამიტომ აუცილებელია განხორციელდეს კაპიტალის ინვესტირება ნარჩენების უტილიზაციის ადრეულ სტადიაზე და ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე პროგრამები დასახული იყოს ეკოლოგიზაციის მიმართულებით. მაგ., ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე მეთოდი, როგორიცაა ნარჩენების ენერგიად გადამუშავება, ხელს შეუწყობს როგორც რეკრეაციული ადგილების რეპუტაციის გაზრდას, ასევე პოტენციური ინვესტორების მოზიდვას გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ახალი გზების ძიებას განაპირობებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ბუნებრივი რესურსის ჴ წყლის გამწვავებული დეფიციტი, განსაკუთრებით სასმელიწყლის. კვლევების პროგნოზირებით წყლის დეფიციტი მსოფლიო მოსახლეობის 47%-თვის უკვე რეალობა გახდება 2030 წლისათვის. ამ პროცესში თავისი წვლილი ტურიზმსაც შეაქვს. ევროპაში წყლის წლიური მოხმარება 843 მლნ ლიტრით განისაზღვრება. თითოეული ტურისტი დღე-ღამეში დაახლოებით 300 ლ სუფთა სასმელ წყალს მოიხმარს, ხოლო სხვა მიზნებისათვის კიდევ დაახლოებით 500 ლ-ს. მაგ., გოლფის მოედნები, აუზები, პარკები, სპაკურორტები და სხვ.

ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის სტიმულირების მაგალითს იძლევა სამხრეთ კორეა, რომელმაც მწვანე განვითარება ეროვნულ სტრატეგიად გამოაცხადა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ამ დარგში ინვესტიციები 9,3 მლრდ ევროს გაუტოლდა. მათ შეიმუშავეს ტრანსპორტის მწვანე სახეობები, სასმელი წყლის ალტერნატიული წყაროები, ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიები. დიდ ბრიტანეთში _ დევონის საგრაფოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რესპონდენტების 54% მოგზაურობის მარშრუტისა და დასვენების ადგილის არჩევისას ითვალისწინებს გარემოს დაცვის მდგომარეობას, 82% მზადაა გადაიხადოს უფრო მეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მოგზაურობის დროს. ტურისტების ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით წამყვანი ტუროპერატორები, როგორიცაა TUI (გერმანია) და Thomas Cook Group (დიდი ბრიტანეთი) ფართო გამოკითხვებს ატარებენ ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტების შესამუშავებლად, შესაბამისი კურორტების და ოტელების შესარჩევად. მთავარი ტურისტული ჟურნალები, მაგ., "National Geographic" სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელს იყენებენ ტურისტული ადგილის შეფასებისას. 

მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა კენია. მწვანე ტურიზმი სწრაფად იზრდება ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში.

 ტურიზმის "სიმწვანის" ხარისხი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ეკონომიკის "სიმწვანესთან". ბუნებრივი რესურსების დეგრადაცია, ბუნების განადგურება, წყალსაცავების დაბინძურება, ლანდშაფტების დარღვევა, ბიომრავალფეროვნების შემცირება იწვევს ტურისტული ნაკადების შემცირებას და ზოგჯერ საერთოდ გაქრობას, ამის შედეგად კი ხდება ეკონომიკის კოლაფსი. ამ ფაქტორის დადებითი გადაწყვეტა შესაძლებელია ხელისუფლების, ტურისტული ბიზნესის (დომინირებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებით), მოსახლეობის, განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტების, ინვესტორების შეთანხმებული მოქმედება ხანგრძლივი პრიორიტეტებისა და მწვანე ზრდის სტრატეგიის მიზნების დასახვის პროცესში. მხოლოდ ამდაგვარ თანამშრომლობას შეუძლია დადებითი შედეგის გამოღება. მაგ., დიდ ბრიტანეთში მიღებულია მდგრადი ტურიზმის სერტიფიკაცია (Green Tourism Business Scheme – GTBS), რომელიც დამტკიცებულია ტურიზმის ეროვნული სამმართველოს მიერ. ის კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ, შეუერთდნენ GTBS-ს, შეფასდებიან სამმართველოს მიერ გარკვეული კრიტერიუმებით, მათ შორის ენერგიისა და წყლის გამოყენების ეფექტურობა, ნარჩენების უტილიზაცია, ბიომრავალფეროვნება. ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, იღებენ ბრინჯაოს, ვერცლის ან ოქროს ჯილდოებს.

GTBS-ის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მდგრადობის მთელი ფინანსური ტვირთი არ უნდა იყოს დაფუძნებული ადგილობრივი კომპანიების ან გადასახადის გადამხდელთა ბიუჯეტზე: სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საწარმოს შეუძლია იმოქმედოს როგორც მდგრადობის პროგრამის ძალიან ეფექტური ინიციატორი. მაგ., ნებისმიერ სასტუმროს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ტექნოლოგიურ ინიციატივაში, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ აშენებული მზის პანელების მწარმოებელი ქარხნის აქციების შესყიდვით.

ტურისტული კერძო სექტორი: სასტუმროები, რესტორნები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ტურისტებს ემსახურებიან, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დასვენების ობიექტის გარემოსდაცვითი მდგრადობის იმიჯის ჩამოყალიბების ხელშეწყობაში. 

სასტუმროს მფლობელებს, ტუროპერატორებსა და სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერებს შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ტურისტების ქცევაზე, რათა მაქსიმალურად შეამცირონ გარემოზე მათი შვებულების უარყოფითი ზეგავლენა. კერძო სექტორის ინსტიტუტებს გარემოს დაცვა გარკვეული დოზით შეუძლიათ როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების სწავლებით. ამასთან ერთად, გარემოსდაცვითი კეთილგანწყობის განმტკიცების ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების არსებობა, გამყარება და შესრულება.

ნებისმიერ ქვეყანაში კანონმდებლობა მიზანმიმართულად უნდა ემსახურებოდეს გარემოს დაცვის მიზნებს. დასასვენებელი ობიექტების ადმინისტრაციებს შეუძლიათ განახორციელონ სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის მწვანე გადასახადების დაწესება, ჯარიმები გარემოს დაბინძურებისათვის, ასევე შეუძლიათ გარემოსდაცვითი პროექტების ინვესტირების სტიმულირება ან სუბსიდირება, აგრეთვე ისეთი სპეციალური ღონისძიებების გამოყენება, რომლებიც ზღუდავს ტურისტების ჩამოსვლების რაოდენობას ზღვრულ ნორმამდე, ან გარკვეულ ტერიტორიებზე მათი საქმიანობის რეგულირებას. მაგ., მალდივის კუნძულზე (სამხრეთ აზია) მყიფე ეკოსისტემის დასაცავად ტურისტული ნაკადების ჩამოსვლების ადგილები შემოფარგლულია სპეციალური ზონებით.

ამის გარდა, ეკოპრობლემების გადასაწყვეტად სისტემები და სტრუქტურები უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

_ფინანსირების საშუალებათა მოძიება. ტურისტების დასასვენებელი ადგილების ეკოლოგიური დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელია შესაბამისი ფინანსირება. მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ მწვანე პროგრამების რეალიზაციამ შეიძლება მოიზიდოს მნიშვნელოვანი კაპიტალები კერძო სექტორიდან, ამ პროგრამებმა შესაძლებელია მოიტანოს მოგება. ზოგიერთმა ამ პროგრამებიდან შეიძლება სწრაფად გამოიღოს შედეგი (ამონაგები მოიტანოს) საექსპლუატაციო დანახარჯების ეკონომიის ხარჯზე. ეს დანაზოგები შეიძლება ჩაიდოს სხვა საინვესტიციო პროექტებში, რომლებიც მიმართულია ეკოლოგიური მიზნებისაკენ.

მწვანე ინვესტიციების რეალიზაციისაგან მიღებული მოგებების ვადები დამოკიდებულია სწორი საინვესტიციო გეგმის არჩევაზე. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოიძებნოს ბალანსი სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვა მეტად საყურადღებოა როგორც მცირე პროექტებისათვის, რომლებსაც წარმოადგენენ კერძო კომპანიები, ასევე დიდი პროგრამებისათვის, რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის სრულყოფაზე.

საკურორტო ადგილების ადმინისტრაციას არ შეუძლია ყოველთვის გამოყოს საკმარისი სახსრები. ამ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს გარე ფინანსირების საშუალებები რეგიონის ეკოლოგიური მდგრადობის ხანგრძლივი პროგრამებისათვის. ასეთი ფინანსირება მოიცავს გლობალურ პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს გარემოს დაცვის სპეციალურ მექანიზმებს (clean development mechanisms – CDM), რომლებიც საშუალებას აძლევს განვითარებულ ქვეყნებს, ჩადონ კაპიტალი იმ პროექტებში, რომლებიც მიმართულია CO2-ს ატმოსფეროში გამოყოფის შემცირებისაკენ განვითარებად ქვეყნებში. მაგ., 1996წ. კოსტა-რიკამ მიჰყიდა CO2-ს გამოყოფაზე თავისი კვოტები (200 ათ. ტ, 1 ტონის ფასი 10 აშშ დოლარი) ნორვეგიას. შედეგად კოსტა-რიკამ მიიღო 2 მლნ აშშ დოლარი ტყის მასივების აღდგენის დასაფინანსებელი პროექტისათვის.

ზემოთ აღნიშნული CDM-მოდელის გარდა, როგორც სახელმწიფოს და კერძო სექტორების მოდელის, ზოგიერთ ქვეყანაში იქმნება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ფონდები (მაგ. ველური ბუნების მსოფლიო ფონდი) და ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ფონდები (მაგ., საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტო და ტურისტული დასვენების მდგრადობის საბჭო), რომლებსაც შეუძლია უზრუნველყონ ტურისტული დასვენების ადგილებში გარემოს დაცვის პროექტების ფინანსირება.

_ გარემოს დაცვის პოტენციალის გაძლიერება და კადრების მომზადების სისტემის განვითარება. გარემოს დაცვის სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა ითხოვს უამრავი ადამიანის ჴ ადგილობრივი მოსახლეობიდან სხვადასხვა სპეციალისტების: იურისტების, პარკების თანამშრომლების, მებაღეების და სხვათა ძალისხმევას. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მწვანე პროექტების შესახებ ინფორმაციის, მისი დადებითი მხარეებისა და შესაძლებლობების დაინტერესებული მხარეებისათვის სრული მიწოდება, ეს პროექტები უნდა მოიცავდეს კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემის განვითარებასაც, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა გარემოს დაცვის მიზნით მსგავისი პროექტების რეალიზაციაში. მაგ., ტუროპერატორები შეძლებენ აირჩიონ დამსვენებელთა გადაადგილებისათვის გარემოსათვის შედარებით უსაფრთხო, ნაკლებად მავნე საშუალებები და ხერხები, შეამცირონ ტურისტების კონტრაქტები დაცულ ობიექტებთან და ხელი შეუშალონ აქ ნაგავსაყრელების შექმნას.

_მარკეტინგი და კავშირი საზოგადოებასთან. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან კავშირის ეფექტური სისტემის შემუშავება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მწვანე პროექტის რეალიზაციისათვის. სწორმა მარკეტინგის სისტემამ უნდა წაახალისოს დაინტერესებული მხარეები, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, ასევე პოულობდეს პოტენციურ ინვესტორებს და ურთიერთობა დაამყაროს მათთან. მაგ., ნიუ-იორკის ადმინისტრაციამ შექმნა "ნიუ-იორკ სითის მწვანე რუკა" (“Powerful Green Map of NYC”), რომელიც ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს ქალაქის ენერგოდამზოგავ ობიექტებზე. მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა უზრუნველყოფს რა დასაქმებას და შემოსავლებს, ამავდროულად ამწვავებს კონკურენციას შემოსაზღვრული ბუნებრივი რესურსების (ენერგორესურსები, მიწა, წყალი და სხვ.) გამოყენების მხრივ, როგორც დარგებსა და საქმიანობის სახეებს შორის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის შიგნით. იგი სტიმულს აძლევს ორმაგი მოგების ტექნოლოგიების მოძიებას და გამოყენებას. ტურიზმში ეს, უპირველეს ყოვლისა არის (მდგრადი ტურიზმის გლობალური საბჭო (GSTC) -Global Sustainable Tourism Criteria) _ მინიმალური კრიტერიუმების საერთაშორისო კონსენსუსი, რასაც უნდა პასუხობდეს ტურისტული ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნით. ასევე საყურადღებოა განთავსების საშუალებათა სერტიფიკაციის საერთაშორისო სისტემა - Travelife Sustainability System, რომლის მიზანიც ტურიზმში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაა. ტურისტული ინდუსტრიის საწარმოების სერტიფიცირების ინგლისური სისტემა - Green Tourism Grading, საერთაშორისო - BREEAM-ის და LEED სისტემების მსგავსად, მშენებლობისა და ყველა სახის განთავსების ობიექტებს   მოიცავს: კაფეები, რესტორნები, ტურისტული საინფორმაციო ცენტრები, ტუროპერატორთა სტრუქტურები. პლაჟებისა და ლანდშაფტების სერტიფიცირების საერთაშორისო სისტემა "ცისფერი დროშა", რომლის მონაწილე 2016 წელს იყო 49 ქვეყანა და სხვ. გარდა ეკოლოგიური სერტიფიცირების სისტემებისა, ტურიზმში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას ხელს უწყობს მთელი რიგი საერთაშორისო პროგრამების დამუშავება და რეალიზაცია, მაგ., Hotel Energy Solution, Tour Bench და SUTOUR. ამ პროგრამაში მონაწილეობა ტურიზმის ინდუსტრიის საწარმოებს საშუალებას აძლევს, არა მარტო ყოველმხრივ შეაფასოს რესურსების საკუთარი ხარჯვა (ენერგიის, წყლის და სხვ.), არამედ აირჩიოს რესურსების მოხმარების მოცულობის შემცირების ეფექტური ტექნოლოგიები და ღონისძიებები. მაგ., ტაილანდის კურორტების Six Senses «luxury» კლასის გარკვეული ჯგუფის მიერ ენერგოეფექტურობის ზრდის და რესურსების დაზოგვის მაჩვენებელი მერყეობს 6 თვიდან 10 წლამდე მონიტორინგის ენერგეტიკული სისტემის დანერგვით, რომლის ღირებულებაა 4 500 აშშ დოლარია და ენერგიის 10%-ით დაზოგვის საშუალებას იძლევა. ეფექტური განათება ღირებულებით 8 500 აშშ დოლარი, იძლევა 16 000 აშშ დოლარის ეკონომიას დაახლოებით 6 თვეში, წყალსაცავისათვის გაწეულმა ინვესტიციებმა (36 000 აშშ დოლარი) უზრუნველყო 330 000 აშშ დოლარის ეკონომია 1 თვეში.

უნდა ითქვას, რომ მცირე ტურისტულ საწარმოთა ფართო სპექტრის არსებობის პირობებში ტურიზმის მდგრადი "გამწვანების" ამოცანის გადაჭრა ზოგჯერ ძნელად მისაღწევი, ზოგჯერ კი შეუძლებელია.

ტურისტული პროდუქტის მრავალდარგობრივი ხასიათი უზრუნველყოფს რა მულტიპლიკატორულ ეფექტს, ასევე ქმნის პრობლემას მისი წარმოებისა და მოხმარების პროცესების ეკოლოგიზაციისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავებისას, რადგანაც თითოეული დარგისთვის ისინი სხვადასხვაა. ძირითადად, ტურინდუსტრიის საწარმოები მწვანე საქონლისა და მომსახურების მომხმარებლები არიან, რომლებსაც ეკონომიკის სხვა დარგები აწარმოებს და ახდენს ამ საქონლის მომსახურების საკუთარი მოთხოვნილებისათვის ადაპტირებას. ამ მხრივ, საბოლოო ტურისტული პროდუქტის ეკოლოგიურობის დონე დამოკიდებულია მისი შემადგენელი წარმოებების ეკოლოგიურობაზე და "მწვანე" სტრატეგიის განხორციელება მოითხოვს საინვესტიციო რესურსებს, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ. ამასთან დაკავშირებით, დღეისათვის ტურიზმში "მწვანე" ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა, ეკოლოგიური სერტიფიცირება ძირითადად მხოლოდ ტუროპერატორების მსხვილ ქსელებს ხელეწიფებათ.

ამ დროს შიდა და შემომყვანი ტურიზმის ეროვნული პროგრამების, რეგიონული და ეროვნული სარეკრეაციო-ტურისტული კლასტერების განვითარება, როგორც წესი, ხორციელდება სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ამასთან, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც ტრადიციულად ყველაზე მავნე გავლენას ახდენენ გარემოზე. ამიტომ სახელმწიფოს მწვანე საინვესტიციო პოლიტიკა და მის მიერ პარტნიორობის რეგლამენტირებული პირობები კერძო ბიზნესთან ტურიზმის ინდუსტრიის ეკოლოგიზაციის ტემპებისა და მიმართულებების განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება.

დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მწვანე ეკონომიკაზე ტურიზმის დარგის გადასვლის პროცესში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეკოლოგიური მდგრადობა და გლობალურ და ეროვნულ დონეზე ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ტურიზმის, ანუ მწვანე ტურიზმის მაღალი სტანდარტების მიღწევებისათვის აუცილებელია მისი განვითარების ფაქტორების განხილვა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე მოდელზე გადასვლა.  ამასთან ერთად, ეკოლოგიზაციის საერთაშორისო პროგრამები და სერტიფიცირების სისტემები, ხელს უწყობს რა ცოდნისა და გამოცდილების გავრცელებას, სტიმულს აძლევს საწარმოების მოთხოვნილებების ზრდას მწვანე ტექნოლოგიებზე და უზრუნველყოფს მწვანე ეკონომიკურ ზრდას. მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ეკონომიკისა და ტურიზმის ინდუსტრიის მწვანე ტრანსფორმაცია დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით სათანადო ტემპით ვერ მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში ეს პროცესი განსხვავებული ტემპებით ვითარდება. ყველაზე კარგ შედეგებს აღწევს ის ქვეყნები და რეგიონები, რომლებსაც გააჩნიათ ზუსტად ჩამოყალიბებული ეკოლოგიური პოლიტიკა, რომლებიც ეყრდნობა სამეცნიერო კვლევებსა და ხარისხიანი საინფორმაციო ბაზების მონაცემებს, აქტიურად რთავენ თავიანთ საქმიანობაში დაინტერესებულ ყველა მონაწილე მხარეს: საზოგადოებას, კერძო სექტორს.

ტურიზმის ინდუსტრიის მწვანე ტრანსფორმაცია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფეროსი, შესაძლებელია ეკონომიკის მთელი სისტემის ეკოლოგიზაციის პირობებში დაწყებული კანონმდებლობიდან, დამთავრებული მთლიანად ტურისტული სექტორის მთელი ინსტრუმენტების კომპლექსით: ფისკალური პოლიტიკა, ტურისტული მიმართულებების ეკონომიკური ინსტრუმენტები, მართვა, დაგეგმვა და განვითარება, ორიენტაცია კერძო სექტორზე, მწვანე საქმიანობის სტიმულირება როგორც მწარმოებლების, ასევე მომხმარებლების მხრიდან, გადასახადები, ფასები, მწვანე კრედიტები და ინვესტიციები.  

გამოყენებუ ლილიტერატურა

  1.  აბესაძე რ., წრიული ეკონომიკა: არსი და თანამედრove gamowvevebi, J. `ekonomisti~ №1, 2019, t.XV, gv.20
  2. Mazilu M.E., Green tourism in the age of green economy // International journal of economics and statistics. 2013. Vol. 1. Iss. 3. Pр. 140-147.
  3.  UNWTO Tourism Highlights: 2018 Edition https://www.e-unwto.org/doi/pdf/10.18111/9789284419876
  4. Факторы развития «Зелёного» туризма – тема научной статьи по ...https://cyberleninka.ru/article/n/faktory-razvitiya-zelyonogo-turizma
  5. Туризм и переход к «зеленой» экономике | International Centre for ...
  6. https://www.ictsd.org/bridges-news/.../туризм-и-переход-к-«зеленой»-экономике
  7. Концепция зеленой экономики: основные положения и ...https://moluch.ru/archive/231/53628/ Основные факторы развития «Зеленого»  туризма в мировой ...https://cyberleninka.ru/.../osnovnye-faktory-razvitiya-zelenogo-turi...

Туризм в условиях перехода к «зеленой» экономике Нездойминов ... https://dspace.oneu.edu.ua/.../Туризм%20в%20условиях%20перехода%...


[1] Ringbeck J. Destination: Green Tourism // http://www.strategy-business.com/ article/10304?pg=all